აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, რა დროსაც ვაკე-საბურთალოს პოლიციის N5 განყოფილებაში ადვოკატს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მის მიერ არჩეული დაცვის სტრატეგიის გამო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბრალი წარედგინა მხოლოდ ერთი პირს - ზემოხსენებული განყოფილების უფროსი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მართებულადაა აღნიშნულია, რომ: მიუხედავად გამოძიების მიმდინარეობისა, სხვა არც-ერთ პოლიციის თანამშრომელს, რომლებიც სავარაუდოდ ასევე მონაწილეობდნენ გიორგი მდინარაძის მიმართ ფიზიკური ძალადობაში, ბრალი არ წარდგენია. ამასთან, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დაკავებული პირის წინააღმდეგაც არ იქნა დადგენილი ადვოკატზე ძალადობის ფაქტი და სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმა განისაზღვრა.
ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმეში არსებული არაერთი დარღვევა და კითხვის ნიშანი გახდა მიზიზეზი იმისა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მსჯელობს აღნიშნულ საქმეზე წამების, სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობის და სასჯელის სექციაში, რაც ძალზედ ყურადსაღები უნდა იყოს ყველა რელევანტური ინსტიტუტისთვის. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვა კვლავაც გრძელდება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
შესაბამისად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს შესაბამის ინსტიტუციებს, მეტი ყურადღება გაამახვილონ ადვოკატის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მოახდინონ მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირება და მისცენ შესაძლებლობა უფლებადამცველებს დაუბრკოლებლად შეასრულონ თავიანთი პროფესიული ფუნქციები.